პარლამენტში დაინიცირდა და განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს განსახილველად გადაეცა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.
ეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ – არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი პროექტია, რომელიც პარლამენტმა ფინანსური დასაბუთების არქონის მიზეზით ორჯერ დაახარვეზა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, უფასო სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მოიცვას, განურჩევლად მისი ეკონომიკური მდგომარეობისა. ინიციატორების შეფასებით, მთავრობამ ეს ვალდებულება ორ ეტაპად უნდა განახორციელოს – პირველ ეტაპზე, საპილოტე პროგრამა დაიწყოს, ხოლო მეორე ეტაპზე – პროგრამა სრული და საყოველთაო სახით აამოქმედოს.
კანონის პროექტს თან ახლავს ფინანსური დასაბუთება.
