„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში – საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს.
ივანიშვილი „ეკონომიკური ზეწოლის“ კატეგორიაშია. RSF-ის შეფასებით, ამ კატეგორიაში მოხვედრილი პირები ფინანსური ბერკეტებით დამოუკიდებელი მედიის დასუსტებას, მისი დაფინანსების შეზღუდვასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ.
წლევანდელ სიაში პირველად მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩამონათვალში ასევე არიან ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.
ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული მეთოდებისა, სიაში მოხვედრილ პირებს საერთო მიზანი აქვთ – ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა და საზოგადოების დამოუკიდებელი ინფორმაციის გარეშე დატოვება.
ორგანიზაციამ ანგარიში 2 ნოემბერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოაქვეყნა.
