სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი 28 ოქტომბერს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება.
საუბარია გადაწყვეტილებაზე რომლის მიხედვითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შესაძლებლობა და გარკვეული საგადასახადო შეღავათები მიენიჭათ.
“ეკონომიკური შემოსავლებისა და ტურიზმის სტიმულირება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჯანმრთელობის, ზნეობრივი ღირებულებებისა და მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე”- ასეთა “ქართული ოცნების” ლიდერის შეფასება.
“28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის საგადასახადო და სხვა შეღავათებს ითვალისწინებს.
ჩემი აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ტურისტების მოზიდვა და დამატებითი შემოსავლების მიღება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ნებისმიერი საქმიანობა უნდა წაახალისოს.
მსოფლიოში არაერთი საქმიანობა არსებობს, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური შემოსავლის მოტანა, მაგრამ ამავე დროს საზოგადოების ისტორიულ, კულტურულ და ზნეობრივ ღირებულებებთან შეუთავსებელი აღმოჩნდეს. თუ მხოლოდ შემოსავლით ვიხელმძღვანელებთ, ხვალ შეიძლება სხვა ისეთი საქმიანობის წახალისებაც გამართლდეს, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში შეზღუდულია, მაგრამ ტურისტების მოზიდვის საშუალებად ჩაითვლება.
ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უნდა ემსახურებოდეს და არა საზოგადოების ჯანმრთელობისა და ინტერესების შესაძლო დაზიანებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აზარტულ თამაშებზე, რომელთა მძიმე სოციალური შედეგები კარგად არის ცნობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1,2%-ს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობა აქვს. ამავე ორგანიზაციის შეფასებით, აზარტულ თამაშებში დაკარგული თანხების დაახლოებით 60% იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც თამაშით გამოწვეულ ზიანს განიცდიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ზიანი მხოლოდ ფინანსური დანაკარგებით არ შემოიფარგლება. მას შეიძლება მოჰყვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახური ურთიერთობების გაუარესება, ვალები, ქონების დაკარგვა და მძიმე სოციალური შედეგები.
ამ ყველაფერში ყველაზე მძიმე ის არის, რომ ადამიანების მცირე ჯგუფი ამ საქმიანობით მილიონებს გამოიმუშავებს, სხვებს კი შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეთ აზარტული თამაშების გამო დაგროვილი ვალების გასასტუმრებლად და ისიც საკითხავია, შეძლებენ თუ არა მათ ოდესმე სრულად დაფარვას. ამას ემატება დაკარგული ქონება, დანგრეული ოჯახები და ადამიანების გაუბედურებული ცხოვრება.
სამწუხაროდ, იმ ადამიანებისა და ოჯახების რაოდენობა, რომლებიც აზარტული თამაშების მძიმე შედეგებს საკუთარ თავზე იწვნევენ, შესაძლოა გაცილებით მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე იმ მცირე ჯგუფის წარმომადგენლებისა, რომლებიც ამ ბიზნესით მილიონებს გამოიმუშავებენ.
სწორედ ამიტომ სახელმწიფომ მხოლოდ ის კი არ უნდა დაითვალოს, რამდენ შემოსავალს მიიღებს ამ საქმიანობიდან, არამედ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რა სოციალური ფასი შეიძლება ჰქონდეს მის გადაწყვეტილებას.
ამ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება სახალხო დამცველმაც 27 ოქტომბრის განცხადებაში. მისი შეფასებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების, სოციალური ზიანისა და მისი პრევენციის ხარჯების ანალიზი. ასევე არ იყო უზრუნველყოფილი შესაბამისი სპეციალისტების სათანადო მონაწილეობა საკითხის განხილვაში.
სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა კანონპროექტის მიღება ასეთი ფორმით. მიუხედავად ამისა, ცვლილებები მეორე დღესვე მიიღეს.
ახალი რეგულაციით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. კანონით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირებისთვის დაწესებულია კონკრეტული საგადასახადო და მოსაკრებლის შეღავათები.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია ტურიზმის განვითარებაზე, უცხოელი მონაწილეების მოზიდვასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე. მაგრამ რატომ უნდა გახდეს სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი შეღავათების მიმღები?
კანონით გათვალისწინებული 80%-იანი მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ტურნირებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
თუ ტურნირში 1000 ადამიანი მონაწილეობს, მათგან 200 შეიძლება საქართველოს მოქალაქე იყოს. თუ მონაწილეთა რაოდენობა 1200 იქნება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ შეიძლება 240-ს მიაღწიოს. შემდეგ ტურნირში შესაძლოა სხვა მოქალაქეები მონაწილეობდნენ, მომდევნოში კიდევ სხვები. თუ ასეთი ტურნირები რეგულარულად ჩატარდება, რამდენი ჩვენი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს დროთა განმავლობაში ამ პროცესში ჩართული?
ამასთან, კანონით განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი დაწესდა. თუ საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიღებული შესაბამისი დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 20%-ით იბეგრება.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა, მაგრამ თუ სახელმწიფოს მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ასეთი ტურნირებისგან დაიცვას, მაშინ რატომ უშვებს საერთოდ მათ მონაწილეობას? განაგრძეთ კითხვა …
