ძმები ფეიქრიშვილების დედა და ერთ-ერთი ძმის ყოფილი ცოლი ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ. ნინო აბრამიშვილი ითხოვს, რომ დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდეს ჯგუფური ძალადობის მუხლით, მისი შვილი კი დაზარალებულად სცნონ.
ასევე ოჯახის მოთხოვნაა, რომ პასუხისგებაში მიეცეს გლდანის ციხის უფროსი ფირცხალავა და პენიტენციური სამსახურის გადამდგარი ყოფილი უფროსი პატარიძე.
“ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ პირველ რიგში, კარგად გაითავისოს მთავრობამ, რა მოხდა ციხეში, რა მოუვიდა ჩვენს ოჯახს, მე მგონი, ეს არ აქვთ გათავისებული იმიტომ, რომ არც ერთმა პირმა, ვისაც ეკუთვნის, არცერთი სიტყვა არ თქვა. დღემდე თავის ადგილზე რჩება ციხის უფროსი. კანონით, როცა ასეთი რაღაც ხდება ციხეში, პირველ რიგში ხსნიან ციხის უფროსს და მერე ციხეების უფროსს. აქ, რატომღაც ყველაფერი სხვანაირად მიდის.
ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას 143-ე მუხლით, ეს არის ჯგუფური ძალადობა. ეს მოძალადეები ყველა უნდა იყვნენ დაჭერილები“, – განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილისოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
