ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სადაც ნავთობაზაა განთავსებული, მესამე დღეა მოქალაქეები საუბრობენ მძაფრ სუნზე, რომელიც მთელ უბანში იგრძნობა.
პირველი ვიდეო ამ უბნიდან მოქალაქემ 26 ოქტომბერს გამოგვიგზავნა, სადაც ნათლად ჩანს, ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაკვამლიანება, რომელსაც თან ახლდა მძაფრი სუნი.
მოქალაქე ნონა ჭაღალიძე, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, დაგვიკავშირდა, ასევე ბარცხანაში, ლევან ქიქავას ქუჩაზე ცხოვრობს და საუბრობს სუნზე, რომელიც მისი თქმით, უკვე ორი თვეა იგრძნობა და გაუსაძლისია მდგომარეობა.
„იცით რა საშინელებაა? გეგონება ნავთში გვძინავს.
გეფიცებით, წუხელ მოსახლეობას თუ საერთოდ გვეძინა. ისეთი მძაფრი სუნია, ალბათ დაიწამლებიან ბავშვები. ფანჯრებსაც ვეღარ ვაღებთ. იქნებ მიაწვდინოთ მერიას ხმა, სანამ მოვიწამლეთ“, – გვითხრა მან.
მისი თქმით, დაკვამლიანება დღეს აღარ შეინიშნება, თუმცა სუნი მაინც საგრძნობია.
„კვამლი შესაძლოა ორთქლმავლის იყოს და ამიტომ ჩანდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი რომ მოვიდეს, მიხვდება რა მდგომარეობაში ვართ, ორი თვეა ძალიან გამძაფრებულია სუნი და გაუსაძლისია. საშინელებაა.
ვაპირებ დავწერო განცხადება და მივმართო მერიას, რომ მოვიდნენ და შეისწავლონ რისგან ვიწამლებით“-ამბობს ნონა ჭაღალიძე.
„ბათუმელები“ სამი დღეა ცდილობს გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებას. მათ წარმომადგენელს აჭარაში ფაქტის ამსახველი ვიდეო გავუგზავნეთ და ვკითხეთ – თუ გავიდნენ ადგილზე ვითარების შესასწავლად.
„ბათუმელებმა“ ასევე იკითხა, რას უკავშირდება მძაფრი სუნი, რაზეც მოქალაქეები ჩივიან და ხომ არ არის ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი?
გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა არც ზარს უპასუხეს და არც შეკითხვებს.
ამ საკითხზე დავუკავშირდით ბათუმის მერიასაც, თუმცა შეკითხვებს არც მერიაში პასუხობენ. მხოლოდ მერიის მუნიციპალურ სამსახურში გვითხრეს, რომ გარემოს დაბინძურების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.
იხილეთ ვიდეო…
