გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის სარწყავ არხებში კანალიზაციის წყალი მოედინება – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
როგორც გამოცემას აცნობეს, ცხინვალის საკანალიზაციო ქსელიდან ფეკალურ მასებს სალთვისის არხში უშვებენ, რის გამოც სოფელ ნიქოზში გაუსაძლისი მდგომარეობაა.
,,იცით, რას ვუძლებთ?”- გვწერენ ფოტოს ავტორები.
,,ქართლის ამბები” მერის წარმომადგენელს გიორგი ლაზარაშვილს ესაუბრა:
,,ეს ფეკალური მასები მოედინება მდორედ, მიწაც უკვე გაჟღენთილია და აუტანელი სუნია სოფელში. საჭიროა, რომ ცხინვალიდან ლიახვის წყალი გამოუშვან, რომ გაანეიტრალოს. ამას არ აკეთებენ. ომის შემდეგ ამ არხში სარწყავი წყალი არ გამოუშვიათ,” – გვეუბნება სოფლის წარმომადგენელი.
მისი ინფორმაციით, არხის მდგომარეობით, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებიც იყვნენ დაინტერესებულნი:
,,შემხვდნენ მისიის წარმომადგენლები, ვისაუბრეთ, ვუთხარი, რაც იყო საჭირო. დააყენეს საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე. როგორც ვიცი, ცხინვალის მხარე პასუხობს, რომ განვიხილავთ, განვიხილავთო, მაგრამ არ დაადგა საშველი,”- გვეუბნება მერის წარმომადგენელი.
