საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილება როგორც მსჯავრდებულთა მხრიდან, ასევე პროკურატურის მხრიდან, სწორი ნაბიჯი და გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ლაშა ბერიძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.
მან უპასუხა ასევე კითხვას, თუკი, მთელი ეს პერიოდი მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმებოდა ბრალს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, ახლა რა შეიცვალა, რაზეც ადვოკატი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმება აღიარების გარეშე არ ფორმდება.
„დაახლოებით, ერთ კვირაში, ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს.
ჩემი მხრიდან სამართლებრივი შეფასებები არაერთხელ გაკეთებულა ორგანიზატორობასთან დაკავშირებით, რაც საქმეზე შეკრებილ და პირველის ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა. სამართლებრივი შეფასების უარყოფას ნამდვილად არ ვახდენ, რაც შეეხება კითხვას, ახლა რა შეიცვალა? საპროცესო შეთანხმების გაფორმების უფლება კანონით მინიჭებული უფლებაა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის, ამ უფლების გამოყენება არ შეიძლება არასწორად განიმარტოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება მოხდა, აღიარების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს”,- განაცხადა ჩინჩალაძემ.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
