პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა, რვა წინააღმდეგი იყო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტი კოლეგებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გააცნო.
კერძოდ, მოქმედი რეგულაციის თანახმად, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია 2027 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. კანონპროექტით, აღნიშნული თარიღი 2036 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში – 2036 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი გაზის – ტარიფის დადგენის დროს, განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით.
„აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივით მომზადდა.
