სახელმწიფო საწარმოების ნაწილი ფინანსურ მდგრადობას ვერ უზრუნველყოფს და მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებაზე. ამასთან, საწარმოებში კვლავ პრობლემად რჩება კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვა, ფინანსური ზედამხედველობა და სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად გამოყენება. ამის შესახებ სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2023-2024 წლებს მოიცავს.
აუდიტის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა, სექტორში კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის დაბალი პროდუქტიულობა, მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულების ხარვეზები, სახელმწიფოს ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებზე დამოკიდებულება და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება.
აუდიტმა ასევე გამოავლინა, რომ სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, დღემდე არ ვრცელდება განსაზღვრულ საწარმოთა მკაფიოდ დადგენილ ჩამონათვალზე. შედეგად, კოდექსით გათვალისწინებული მართვის სტანდარტების დანერგვა ფრაგმენტულად და არასისტემურად მიმდინარეობს.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს არ მოუმზადებია 2024 და 2025 წლების ექვსთვიანი პროგრესის ანგარიშები და წლიური შესრულების ანგარიში, რაც აუდიტის შეფასებით, მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებთან შეუსაბამობას წარმოადგენს.
აუდიტის მიგნებები სახელმწიფო საწარმოების ფინანსურ მდგომარეობასაც შეეხება. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვის ქვეშ არსებული საწარმოები ვერ უზრუნველყოფენ დადებითი ფინანსური შედეგების სტაბილურ შენარჩუნებას, რის გამოც მათი მომავალი ფუნქციონირება უმეტესწილად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
აუდიტის მიხედვით, სახელმწიფო საწარმოებში ბიუჯეტიდან მიღებული თანხების გამოყენების კონტროლიც საჭიროებს გაუმჯობესებას. სააგენტოს მართვის ქვეშ არსებულ შვილობილ საწარმოებზე გადარიცხული თანხების შემდგომი გამოყენების სათანადო მონიტორინგი არ ხორციელდება, რაც სახელმწიფო სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენების რისკს ქმნის.
როგორც აუდიტი განმარტავს, ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესგეგმები და მმართველობითი ანგარიშები ზოგად ინფორმაციას შეიცავდა და არ იძლეოდა საკმარის შესაძლებლობას, შეფასებულიყო, როგორ აპირებდნენ საწარმოები არსებული პრობლემების მოგვარებას. ასევე, კონკრეტული მიზნებისთვის ბიუჯეტიდან მიღებული თანხების გაუხარჯავი ნაშთების შემდგომი გამოყენება სათანადო ოფიციალური დასაბუთებით არ იყო უზრუნველყოფილი.
პრობლემები გამოვლინდა სახელმწიფო საწარმოებში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებითაც. აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთი საწარმოს წინაშე არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები მთავრობის დონეზე დროულად არ განხილულა და სათანადოდ არ გადაწყვეტილა.
დოკუმენტის მიხედვით, ცალკე გამოწვევად რჩება სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მართვა. აუდიტის ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მართვის ქვეშ არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური შედეგები წლების განმავლობაში უარყოფითია, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც კონკრეტული დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
ამასთან, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს კლინიკების მართვის გაუმჯობესებისთვის არ ჰქონდა შემუშავებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჰოლდინგმა აუდიტს ასევე ვერ წარუდგინა კლინიკების მიხედვით მონიტორინგის, კონტროლისა და შეფასების ანგარიშები, რომლებიც მათი ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და პრობლემების მოგვარების მიზნით გატარებული ღონისძიებების შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
აუდიტის მიხედვით, სამედიცინო პროფილის სახელმწიფო საწარმოების მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო ჰოლდინგს შორის არის გადანაწილებული, თუმცა ერთიანი და სისტემური მართვის მექანიზმები ჩამოყალიბებული არ არის.
აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო საწარმოების საქმიანობა, გარდა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესით განპირობებული შემთხვევებისა, ფინანსურ შედეგებსა და დასახული მიზნების მიღწევაზე უნდა იყოს ორიენტირებული. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოებს არამომგებიანი საქმიანობის განხორციელება საჯარო ინტერესის გამო უწევთ, ასეთი საქმიანობის ხარჯების ანაზღაურება გამჭვირვალე და წინასწარ განსაზღვრული კომპენსაციის მექანიზმებით უნდა ხდებოდეს.
