საკონსტიტუციო სარჩელში 25-ჯერ არის ნახსენები ზურაბ ადეიშვილის სახელი და გვარი, მოსარჩელე ცდილობს, რომ მისი ინდივიდუალური ფიგურა და საქმიანობა გამოიყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საფუძვლად, ამ არგუმენტს მივყავართ უმძიმეს სამართლებრივ და ლოგიკურ პარადოქსამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა, ვინ იყვნენ ზურაბ ადეიშვილის უახლოესი საკადრო დასაყრდენები.
„მოსარჩელე მხარე თუ ამტკიცებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც პარტიული ფუნქციონირი არ ყოფილა, არასდროს ეკავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამე ტიპის თანამდებობა, მისი საქმიანობა იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გადავხედოთ მის ინსტიტუციურ და საკადრო მემკვიდრეობას. თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ამკრძალოთ მეც. პირადად მე ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამეში ვემიჯნები. თუმცა, საინტერესოა, ვინ იყვნენ უახლოესი საკადრო დასაყრდენები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ პროცესებს, რასაც დღეს სარჩელში დანაშაულად გვიფასებენ. სწორედ ამავე სასამართლოს მოსამართლე, ბატონი ვალის როინიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ზურაბ ადეიშვილის უშუალო საკადრო დასაყრდენი იყო, მთავარი პროკურორი მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა. აქ იბადება კითხვა, როგორ შეიძლება, არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ ჰყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, ამიკრძალო მისი ნამოქმედარის გამო პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ, ხოლო იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დსაყარდენი და შემსრულებელი ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს“, – განაცხადა წითლიძემ.
