იმ ქვეყნებმა, რომლებიც ომში არიან ჩართულები, აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი – რთული.
„ომის დაწყება ძალიან ადვილია, მაგრამ მისი დასრულება ძალიან რთულია, ისევე როგორც გამარჯვების მოპოვება. ამიტომ, ვფიქრობ, აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ მათ, ვინც დღეს ომებშია ჩართული. ჩვენ ომი მოვიგეთ და ეს სამართლიანი ომი იყო. დამარცხებული მხარე კაპიტულაციაზე წავიდა, ჩვენ კი ამის შემდეგ წინ აღარ წავსულვართ – დროულად შევჩერდით და მშვიდობა შევთავაზეთ“, – აღნიშნა ალიევმა.
ამასთან, მან საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა საერთაშორისო პოლიტიკიდან სრულად უნდა აღმოიფხვრას.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ, საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმია. ამჟამად ბევრი საუბრობს გაერო-ში რეფორმების საჭიროებაზე. არსებობს უპირატესობის განცდა და რწმენა, რომ ქმედებებისთვის, რომლებსაც სჩადიხარ იმ ხალხის მიმართ, რომელსაც თავს დაესხი, არ დაისჯები. სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეთი მდგომარეობა ხანგრძლივად გრძელდება. ამიტომ, აუცილებელია გადაწყვეტილებების, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აღსრულების მექანიზმი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვიყავით მსგავს ვითარებაში. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო ოთხი რეზოლუცია, რომლებიც აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლებას მოითხოვდა. თუმცა, ეს რეზოლუციები არ შესრულებულა. არ არსებობდა მათი აღსრულების უზრუნველყოფის მექანიზმი. სომხეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. ახლა, როდესაც ირგვლივ ვიყურებით, ყველგან სანქციებს ვხედავთ. აზერბაიჯანის ჩრდილოეთით და სამხრეთით თუ გაიხედავთ, დაინახავთ, რომ ასობით სანქციაა დაწესებული. სომხეთის წინააღმდეგ კი სანქციები არ დაწესებულა. ეს ორმაგი სტანდარტების საკითხია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტები. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ და ამ ბრძოლას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან თავადაც დავზარალდით ორმაგი სტანდარტების გამო და დღესაც ვგრძნობთ მათ გავლენას”, – აღნიშნა ალიევმა.
