„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია. მათ პარტიულ ყულაბაში ჯამში 3.88 მილიონი ლარი შეიტანეს – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.
TI-ის თანახმად, “წესი უცვლელია: ფულს იღებს ის, ვინც იმ მომენტში მთავრობაშია”.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 2012 წელს ბიზნესმენებმა 120 000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაურიცხეს, 2017 წლიდან 2026 წლამდე კი „ქართულ ოცნებას“ 3 512 000 ლარი, ხოლო მათ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 240 000 ლარი შესწირეს.
პოლიტიკური ლოიალობის პარალელურად, ბაზრობის მფლობელებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტი წაიღეს:
49 მილიონი ლარის 108 ტენდერი და 387 000 ლარის პირდაპირი შესყიდვები მოიგო მსხვილი შემწირველის, ვაჟა უსანეთაშვილის კომპანიამ „არსაკიძე 2000“. 2026 წლის 13 ივლისს, „ქართული ოცნებისთვის“ 60 000 ლარის ჩარიცხვის დღესვე, კომპანიამ ისნის გამგეობისგან 712 000 ლარის კონტრაქტი მიიღო, მთლიანად ივლისში კი 1.4 მილიონის ტენდერები მოიგო”- წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.
TI-იმ დაადგინა, რომ თავად „ლილო მოლმა“ სახელმწიფო შესყიდვებით 158 000 ლარი მიიღო, მათ შორის 2026 წლის იანვარში 150 000 ლარი „საქართველოს ფოსტისგან“ ტერიტორიაზე სატვირთოების შეყვანისა და ტვირთის გადატვირთვისთვის.
ასობით ათასი ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები გაუფორმდათ სხვა მეწილეების, გიორგი გაგუას (308 716 ლარი), დავით გავაშელისა (286 691 ლარი) და ილია ბადრიაშვილის (12 489 ლარი) კომპანიებსაც.
საქართველოში მსხვილი ბიზნესის წარმატება და პრივილეგიები თავისუფალ კონკურენციაზე არ დგას. ის მმართველი პარტიის სალაროში შეტანილი მილიონებით იზომება”- აღნიშნავს ორგანიზაცია.
