იმ დროს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფებოდა ქვეყნის სათავეში, ხელისუფლებისთვის „რეჟიმის“ წოდება არ იწვევდა არც ფულად ჯარიმას და არც სხვა ტიპის რაიმე სანქციას, რაც შეიცვალა დღევანდელ პირობებში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა შერჩევითად მოპოვებულ ფაქტებს, ფაქტების არასწორ, მიკერძოებულ ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციასა და შეფასებებს.
„საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება იმას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქვეყანაში მძვინვარებდა დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ხელყო ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო ოპოზიციაში ყოფნისას ამ პარტიის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა.
ირაკლი კობახიძის ტერმინი რომ გამოვიყენოთ: „მოპასუხე არის არაჯანსაღი ოპოზიცია, ხოლო მოსარჩელის მიზანია ქვეყანას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია“. ასევე, დავაფიქსირებ ერთ ფაქტს, რომ იმ დროს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფებოდა ქვეყნის სათავეში, ხელისუფლებისთვის „რეჟიმის“ წოდება არ იწვევდა არც ფულად ჯარიმას და არც სხვა ტიპის რაიმე სანქციას, რაც შეიცვალა დღევანდელ პირობებში და დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიის ის სტანდარტი, როდესაც მე რომ „რეჟიმი“ გამოვიყენო, თუნდაც სასამართლოში, არიან ადამიანები, ვინც სერიოზული სანქციების წინაშე დგანან. სარჩელი მთლიანად პოლიტიკურია. სწორედ ეს კომპონენტია გადამწყვეტი ამ წარმოებაში. დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ გაცხადებულ პოლიტიკურ მიზნებსა და ქმედებებზე, პოლიტიკაზე საუბრის გარეშე.
საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა შერჩევითად მოპოვებულ ფაქტებს, ფაქტების არასწორ, მიკერძოებულ ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციასა და შეფასებებს. მოსარჩელე გვთავაზობს ნოვატორულ იდეას, როგორიცაა „ერთიანი ორგანიზმი“. შეკრიბა რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ამბობს, რომ ეს არის ერთიანი ორგანიზმი. ამას იყენებს იმისთვის, რომ მოპასუხეებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უწოდოს. ეს სამართლებრივი ტერმინია თუ პოლიტიკური შეფასება, ძალიანაც გასაგებია“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
