ეს საქმე გახლავთ „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ“. აქ საუბარია ქართული სახელმწიფოებრიობის აკრძალვაზე და განადგურებაზე, – ასე აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე მიმდინარე პროცესს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით ოპოზიციის მიმართ უფრო აგრესიული და ანგაჟირებულია.
„ხდება მილიონობით (ჩვენ მილიონზე მეტს ვფიქრობთ, მაგრამ გაყალბებული არჩევნებით მილიონამდე) ადამიანის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა. ამ პროცესში ნათლად ჩანს, რომ საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საკონსტიტუციოში ოპოზიციის მიმართ უფრო აგრესიულები და ანგაჟირებულები არიან და ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება თავისი თვალით ხედავს და დარწმუნებული ვარ, შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს,“ – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ირაკლი ფავლენიშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღეს ჩანიშნულ, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაიმართება პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი პროცესი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.
„პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი პროცესი გაიმართება, რომელიც ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში, ყველაზე წარმატებული რეფორმების ავტორი ბოლო წლების და ბოლო დეკადების მანძილზე ფარცხალაძის, რუსეთის აგენტის ბრალდებების საფუძველზე არის გამომწყვდეული ციხეში. აი, ამ ფარსს უკვე წლებია განიხილავს ქართული საქალაქო სასამართლო და ამ წლების მანძილზე არც ერთ მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი და გამოჩნდა, თუ რაოდენ შეთითხნილი და აბსურდულია ბრალი მიხეილ სააკაშვილის მიმართ,“ – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
