თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესს დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ესწრება.
გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
პროკურორი ქეთევან სონიძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის მოწყობილობებიდან გამოიკვლევენ ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებზეც ჩაწერილია ნომრის დეტალური ინფორმაცია ანძებთან და ინტერნეტ ტრაფიკებთან ერთად.
“ბრალდების მხარე გამოიკვლევს საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ესენი გახლავთ, როგორც ინფორმაციის მატარებელი ისეთი მოწყობილობები, როგორიც არის ფლეშმეხსიერების ბარათები და დისკები, რომლებზეც ჩაწერილია ნომრის დეტალური ინფორმაცია ანძებთან და ინტერნეტ ტრაფიკებთან ერთად, ასევე გამოვიკვლევთ კონკრეტულად ისეთ ნივთიერ მტკიცებულებებს, როგორიც არის მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული მობილური ტელეფონი გვაქვს წარმოდგენილი სასამართლოში. აღნიშნული მობილური ტელეფონები ეკუთვნით, როგორც საქმეში გამავალ მოწმეებს, ასევე უშუალოდ მსჯავრდებულ პირებს, ან ბრალდებულს, რომელიც დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწრება”, – აცხადებს ქეთევან სონიძე.
