სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პაატა გოგიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში.
აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.
იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება, – წერია ინფორმაციაში.
ადვოკატმა გლდანის ციხეში მოთავსებული გოგა ფეიქრიშვილი მოინახულა. როგორ პაატა გოგიაშვილმა მერვე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმი პირი კვლავ დეესკალაციის ოთახში ჰყავთ და ჭრილობებიდან სისხლდენა აქვს.
ადვოკატის თქმით, ისინი პენიტენციური სამსახურისგან პატიმრის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ, რათა ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
