რუსეთი დნეპრსა და პავლოგრადს თავს დაესხმება, თუ უკრაინა დონბასს დათმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასასრულებლად რუსეთი კვლავ მოითხოვს უკრაინისგან დონეცკის ოლქის ძირითადი ქალაქების – სლავიანსკის, კრამატორსკის და დრუჟკოვკას გადაცემას.
„ეს პირდაპირ დნეპროპეტროვსკის ოლქში მიდის – პავლოგრადში, დნეპრში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრებია. კრივოი როგი ჩემი მშობლიური ქალაქია, ნიკოპოლი კი სამრეწველო, საინჟინრო და საწარმოო ცენტრია; ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბირთვია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სახიფათოა რუსეთს დონეცკის ოლქის კონტროლირებადი ნაწილი გადასცეს, რადგან იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული თავდაცვის ხაზი მდებარეობს.
„ამ ქალაქებს თუ მივცემთ, რისკი უზარმაზარი იქნება. თუ მას უფრო შორს წასვლა სურს, წინსვლის შემთხვევაში, მას შეუძლია ჩვენი ქალაქების უზარმაზარი რაოდენობა დაიპყროს. რისკი რეალურია. არავინ არაფრის გარანტიას არ იძლევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
