საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელში სიცხადის შეტანას თავად მოსარჩელე მხარისგან ითხოვს. სასამართლო სხდომაზე გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვისაც გაუგებარია, კონკრეტულად რომელი ფაქტები რომელ ოპოზიციურ პარტიას მიეწერება. მოსამართლის განცხადებით, თუ ეს საკითხი არ დაზუსტდება, სასამართლო პროცესის წარმართვა მნიშვნელოვნად გართულდება.
გოცირიძის განცხადებას წინ უძღოდა „ლელოს“ წარმომადგენლების პოზიცია, რომ სარჩელში მკაფიოდ არ არის გამიჯნული სხვადასხვა პარტიის მიმართ წაყენებული ბრალდებები და გაურკვეველია, რომელმა მოპასუხემ რომელ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი.
„მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო ნამდვილად, როცა იქნება თქვენი განმარტებების წარმოდგენა, ძალიან გთხოვთ, აქ ყველა მოპასუხე მხარემ აღნიშნა, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა პროტესტი, რა სამდურავი გაგაჩნიათ და თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა შეერაცხოს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას, რომელი მიეწერება…
მაგალითად, არის 2003-2012 წლის ფაქტები, ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ამ ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს, რადგან ისინი კოალიციაში არიან და სხვა დროს იყვნენ ან ამათი დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობას უნდა შეერაცხოს თუ არა… აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარი არის ნამდვილად და ამიტომ, ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება., – თქვა ევა გოცირიძემ.
