იმ დღეს, როცა რუსეთის დავალებით, ამ ქვეყანაში ხუთ დამოუკიდებელ, პროევროპულ პოლიტიკურ ძალას აუქმებენ, რუსული ცინიზმის ჟანრის სრულ კლასიკაში ე.წ. პრემიერ-მინისტრმა კადრის დანიშვნა გამოაცხადა. ეს პირდაპირ ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს , – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას.
გეგელიას თქმით, ეს „რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა“.
„შევხედოთ კიდევ ერთხელ იმას, რომ რეჟიმს, რომელმაც მოსპო ურთიერთობები, პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსთან და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, პრიორიტეტად აქვს რუსეთთან პოლიტიკური დაახლოება. იმ დღეს, როცა რუსეთის დავალებით, ამ ქვეყანაში 5 დამოუკიდებელ, პროევროპულ პოლიტიკურ ძალას აუქმებენ, სწორედ ამ დღეს, რუსული ცინიზმის ჟანრის სრულ კლასიკაში გამოაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ამ კადრის დანიშვნა, რაც პირდაპირ ცინიკური გზავნილია, რომ რუსეთის დავალებით უქმდება პარტიები და ამავე დღეს, სინქრონში ინიშნება ადამიანი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა უნდა განახორციელოს. ზურაბიშვილი არ არის პირველი კადრი, რომელიც ამ პოზიციაზე დაინიშნა, ეს არის გაგრძელება იმ საკადრო პოლიტიკის, რაც ამ ადმინისტრაციას გასულ წლებშიც გააჩნდა, თუმცა, ეს კალენდარი, რომლითაც ხდება დღევანდელი დანიშვნა, რა თქმა უნდა, მრავლისმთქმელია. ეს აჩვენებს კობახიძის ადმინისტრაციის სურვილს, რომ რუსეთთან რაც შეიძლება მჭიდროდ იყოს გადაჯაჭვული ჩვენი სახელმწიფო, ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოს სწრაფი ტემპით ხდება რუსეთის უმნიშვნელო, კორუმპირებული ჭაობის სატელიტი“, – განაცხადა გეგელიამ.
