ბავშვთა უსაფრთხოება რეალურ და ციფრულ სივრცეში-ოჯახი, რომლის არასრულწლოვან შვილსაც სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ, სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს.
არასრულწლოვნის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულ ტიკტოკერ ზურაბ კენჭიაშვილს, საზოგადოებისთვის ცნობილს როგორც „მისტერ ზურა“, 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამოეწურა და თავისუფალია. თუმცა, დაზარალებული არასრულწლოვნის ოჯახი აცხადებს, რომ საფრთხე აქ არ დასრულებულა. ისინი სამართალდამცავებისგან დროულ რეაგირებასა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.
უფლებადამცველის განმარტებით, 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოში იმავე დღეს შევიდა. თუმცა, საჩივრის წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში, საგამოძიებო უწყებას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. შექმნილი მდგომარეობის გამო, ოჯახმა დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა.
