ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ნიკა გვარამიას საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაფრთხილება მისცა.
მოსამართლემ პარტია “ახალის” თავმჯდომარეს უთხრა, რომ პოლიტიკური განცხადებები სხვაგან აკეთოს.
გვარამიამ კი ნადარაიას შეახსენა, რომ ეს ინკვიზიციური სასამართლოა, სადაც მას პოლიტიკური განცხადებების ჩაქუჩის დარტმით შეჩერება არ შეუძლია.
ნიკა გვარამია: კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, კრძალავენ სამოქალაქო სექსტორის ნათელ ტვინებს და მთელ მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთებს – კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად კორუმპირებულები და სამშობლოს მგობნი.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: ბატონო ნიკა თქვენთვის გაუგებარი იყო, რაზეც მე ვსაუბრობდი?
ნიკა გვარამია: რა ვთქვი ისეთი?
მოსამართლე რევაზ ნადარაია: პირველ რიგში სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, აქ არაფერ შუაში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. არაფერ შუაშია, თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან.
ნიკა გვარამია: საერთო სასამართლოები მემგონი თქვენ გგონიათ, ბატონო მოსამართლევ, ეს არ არის საერთო სასამართლო, ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია . როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების შეჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, ჩაქუჩი საერთოდ არ გამომიყენებია, მე არაფერი არ მერევა ერთმანეთში და სასამართლოს ელაპარაკეთ კორექტულად.
ნიკა გვარამია: სად ვიყავი არაკორექტული?
მოსამართლე რევაზ ნადარაია: გაფრთხილებული ხართ უკვე.
ნიკა გვარამია: განმიმარტეთ რომ მეორედ არ გავიმეორო
მოსამართლე რევაზ ნადარაია: თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
