დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომლებიც სინამდვილეში უცხოური აგენტურაა, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ – შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი და დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს. ის პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წამოწყებული, არის ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ნათელი გახდება საზოგადოებისთვის ამ დღეების შემდეგ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ასაკრძალია“.
„რეალურად ხედავთ, არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს და ასეთ დროს შესაძლოა ვინმემ თეორიულად დასვას კითხვა: თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა? ამას აქვს მარტივი ახსნა. სუბიექტურად, შესაძლოა ჩვენთვის მომგებიანი იყოს ასეთი დისკრედიტირებული და განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი ოპოზიცია, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია. სწორედ ამას ემსახურება პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წამოწყებული.
თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილოა, რომ საკუთარი პირით ამტკიცებენ, თუ რატომ არიან ასაკრძალები, თავიანთი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თვითონვე მიაქვთ მტკიცებულებები საკუთარი პირით საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით.
ამ პარტიებს რეიტინგიც არ აქვთ, აღარ აქვთ და თვითონ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი. ხალხს არ ელაპარაკები, გამუდმებით ელაპარაკები უცხოურ ძალებს, საკუთარ პატრონებს ქვეყნის გარეთ და ასეთ დროს საზოგადოების ნდობას კარგავ, იმ ნაწილის ნდობასაც, რომელიც მანამდე გენდობოდა.
დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომლებიც სინამდვილეში უცხოური აგენტურაა, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს და დემოკრატიული სისტემა. ის პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წამოწყებული, არის ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქვეყნის პარტნიორების განცხადებებს, ირაკლი კობახიძე ამას სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეშ პოლიტიკურ მცდელობად აფასებს.
„რაც მოვისმინე, იმას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს მძიმე მოსასმენი და სანახავია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
