“დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული” – ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” დაკავებულის “ბიბამედში” მონახულების შემდეგ, ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი კლინიკაში დატოვონ, რადგან ფექირიშვილის მდგომარეობას დააკვირდნენ.
გოგიაშვილის განცხადებით, 40 წლის დავით ფეიქრიშვილს გუშინ მარცხენა ხელის მტევანზე ოპერაცია ჩაუტარდა, მარჯვენა ხელზე კი თაბაშირი დაადეს, რადგან თითი მოტეხილი აქვს.
ამასთან, ადვოკატი ითხოვს საქმე არა იუსტიციის სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ აწარმოოს.
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც “ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს, ისევ კლინიკაში რჩება.
ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს. დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
ოჯახის განცხადებით, ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.
ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი “პირველებთან” აცხადებს, რომ ყიფიანი ფექირიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა.
