ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კატეგორიულად უარყოფს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონით ესაუბრა.
მარიკა ფხალაძის თქმით, ყიფიანი საერთოდაც, ამბობს, რომ მასთან საკანში არ შეუსახლებიათ.
„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ [თითქოს] მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“, – ამბობს ის.
კითხვაზე, ხომ არ უთქვამს ვატო ყიფიანს, რას უკავშირებს მსგავს ბრალდებას დავით ფეიქრიშვილის მხრიდან, ადვოკატმა პასუხობს:
„მისი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და ყველაფერი გახდება ნათელი. ცალსახაა, რომ მას შეხება არ აქვს, მაგრამ იქ რა მოხდა და რატომ ხდება, ამაზე, ბუნებრივია, ამ ეტაპზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს“.
ფეიქრიშვილების ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე [კაწრომ], შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ადამიანები იმიტომ დაიჭირეს, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
