ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: “ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა”.
ანჯაფარიძე იხსენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მიაჩნია, რომ ამ აკრძალვით პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.
“ვერავითარი ქმედითი კონტრარგუმენტი რომ ვერ მონახეს მათი პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ეს პარტიები და მათი მომხრეები ისევ სანუკვარ მაშველ რგოლს – რუსეთს მიადგნენ. ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა. თუმცა, მათი რუსული “მაშველი რგოლი” უკვე დიდი ხანია დაჩუტულია. ხალხი აღარ ჭამს ამ სატყუარას.
ნაცმოძრაობის, მისგან გამოყოფილი თუ მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, არის პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, ისე როგორც მაგალითად რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.
დიახ, აღნიშნული პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციის შემდეგ კი მან ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ ამ სისტემის მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და იღვაწონ, და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე”, – წერს ანჯაფარიძე.
