იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოდან წამოსვლას აფასებენ – ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, კობახიძემ ამ გადაწყვეტილებით დაიტოვა გზა, რომ მისი, როგორც იურისტის კარიერაც არ დასრულებულიყო.
ფურცელაძისთვის მოსამართლის საკონსტიტუციოდან ამ ფორმით წამოსვლა დასტურია, რომ უკვე მიღებულია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება, რომელსაც “ქართული ოცნება” საკონსტიტუციოს ხელით აპირებს.
“გარდა უშუალოდ მოსამართლის კარიერისა, მას არ სურს დასრულდეს, მისი როგორც იურისტის კარიერა. ეს ფაქტობრივად ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ მიღებულია უკვე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებების შემდეგ საქართველო დაუბრუნდება დამოუკიდებამდელ რეალობას, საბჭოთა რეალობას მე ვიტყოდი, სადაც ქვეყანა ერთი პარტიის პრინციპით გაგრძელდება ცხოვრება ქვეყანაში. ბუნებრივია ეს მზიმეა როგროც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და განსაკუთრებით მძიმე უნდა იყოს ეს ყველა იმ მოსამართლისთვის, ვინც ხელს მოაწერს მიღებულ გადწყვეტილებას”, – აცხადებს ომარ ფურცელაძე.
მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას მიესალმება ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზიშვილიც – უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსამართლის საკონსტუიოში დარჩენით კითხვები აუცილებალდ იქნებოდა მის ობიექტურობასთან და მიუკერძოებულებასთან დაკავშირებით.
“როგორც იურისტი მივესალმები და ვეთანხმები ამ ადამიანს იმაში, რომ მოსამართლედ დარჩენის შემთხვევაში დარჩებოდა კითხვები მის ობიექტურობასთან და მიუკერძოებულებასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ ადამიანმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჯერ სცადა თვითაცილება და მერე საერთოდ წამოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოდან. ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერ სფეროში, როცა საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ობიექტურობასთან და მიუკერძოებულებასთან დაკავშირებით, ადამიანებმა ასეთი პრინციპული პოზიცია დააფიქსირონ, როგორც ქალბატონმა მანანამ”, – ამბობს ჯაბა კოჭლამაზიშვილი.
მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ მოსამართლის მანტია პარტიების აკრძალვის სარჩელის გამო დატოვა. პირველი განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ “რადიო თავისუფლებასთან” გააკეთა .
კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს თავის პოლიტიკურ წარსულსაც: ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.
საკონსტიტუციო სასამართლო კობახიძემ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. გადადგომის მიზეზად ის სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ასახელებს.
