პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” აბრამიშვილმა განაცხადა, შვილს დღეს, მას შემდეგ ელაპარაკა, რაც მისი ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
აბრამიშვილის თქმით, შვილმაც და ადვოკატმაც უთხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნავს, მას სხვადასხვა წყაროდან აქვს ინფორმაცია, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
ნინო აბრამიშვილი შვილთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ საკუთარი თვალით სურს დავით აბრამიშვილის ნახვა.
“ვადასტურებ, რომ ნაცემია. მე ჩემი თვალით არ მინახავს, ადვოკატი არ მიდასტურებს, შვილმა იქიდან დამირეკა, კარგად ვარ და არ ინერვიულოო, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ნაცემია. მესიჯი მომივიდა ამის შესახებ და თან, ბევრმა ახლობელმა მითხრა [მესიჯი შვილისგან არ მიმიღია].
დავითი დღეს დამიკავშირდა და მითხრა, ყველაფერი კარგად არის, დედა, არ ინერვიულოო, მაგრამ, არ მაინტერესებს, მაჩვენონ ჩემი შვილი და ჩემი თვალით ვნახო, რა ხდება. არც ვიცი, შეხვედრა როგორ უნდა მოვითხოვო მასთან, 62 წლის ქალი ვარ, ადვოკატი მეუბნება, რომ ტყუილი არის ეს ამბავიო.
ჩემი მოთხოვნა არის, რომ ჩემი შვილი მანახონ და დამიდასტურონ, რომ ჩემი შვილი არ არის ნაცემი. შველას ვითხოვ, რითაც შემიძლია. ორივე შვილი ციხეში მყავს”, – განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს.
