ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდება, დაამტკიცოს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, დაკავებაში, სასამართლო პროცესში და პროკურატურას სხვა არაფერი გააჩნია, თუ არა პოლიტიკური მოსაზრება, ფაქტი რეალურია და მან ეს რეალური ფაქტი აღიარა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, რეალური ფაქტები დაიდო და კრიმინალური დანაშაული სახეზეა.
„დანაშაული სახეზეა და არა მარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაული, როდესაც ასეთი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ სხვა გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იგივე თავდაცვის სამინისტრო ამ დანაშაულებრივ სქემაში. ძნელი იქნება თავის მართლება მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს. ტრენდი შეიქმნა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენ, მაგალითად, 17 მილიონს თუ მოიპარავ ბანკიდან და ოფშორულ ზონაში გადარიცხავ, უნდა თქვა, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, პოლიტიკური პარტია უნდა შექმნა და შემდეგ თქვა, რომ პროცესი იმის გამო კი არ მიმდინარეობს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, არამედ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ უნდათ, რომ დაიმალონ. იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. სხვა არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამას ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
