დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება
„19 ოქტომბერს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქინმა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით, შეუფარდა. ივლისში, ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე ფეისბუქ-სტატუსს უკავშირდებოდა.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რაც ბოლო პერიოდში მიზნად ისახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სრულად უგულებელყოფას და აღნიშნულის ნორმალიზებას.
‼დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე. იქ არსებული პირობები, მათ შორის, არასათანადო ჰიგიენა, სანიტარული მდგომარეობა და სათანადო კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები (რასაც იზოლატორში მყოფი პირები აღნიშნავენ), განსაკუთრებით მძიმეა ხანგრძლივი პერიოდით მოთავსებული პირებისთვის.
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და პირობები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. არასათანადო პირობებში ხანგრძლივმა მოთავსებამ კი, შესაძლოა, წარმოშვას ადამიანის ღირსების, პატივისცემისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის, ასევე ჯანმრთელობის უფლების დარღვევის რისკები (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი)“— წერია დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში
