ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და თეონა თამაზაშვილმა დღეს გენერალურ პროკურორსა და თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართეს.
„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 18 ივლისს დაიწყო გამოძიება ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე. 22 ივლისს, ჩემი შვილი „მოკლული“ გარდაცვლილი იპოვეს თავისი ავტომობილის უკანა სავარძელზე. გამოძიებამ თავიდანვე თამარის გარდაცვალების მიზეზად
დაასახელა თვითმკვლელობა და 5 თვიანი გამოძიების პერიოდი მოახმარა თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურებას. პროკურატურამ ამ ვერსიითვე შეწყვიტა საქმე 2020 წლის 16 დეკემბერს.
ჩვენ გამოძიების ვერსიას ვუცხადებთ უნდობლობას და მიგვაჩნია რომ, საქმის მასალებში არის არაერთი ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი მტკიცებულება რაც საქმეზე შეცვლის გამოძიების ვერსიას და ცხადყოფს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს.
ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თავიდანვე გავრცელდა გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სახელები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი იმ დროისათვის წარმოადგენდნენ მაღალი თანამდებობის პირებს და გამოძიება არ მოახდენდა მათ დაკითხვასაც საქმეზე.
როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ზუსტად იმ ბრალდებით მოხდა გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება რასაც თამარის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დროს ვიძახდით, რომ ის მფარველობდა ქოლცენტრებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ფაქტთან და მის იმდროინდელ სამსახურთან “ზეგთან“ დაკავშირებით, გამოძიების მიერ მოხდეს გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვა”- ნათქვამია განცხადებაში
