ყვარელში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორისაა არასრულწლოვანი- აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე.
დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ძალადობაში მონაწილე პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” | წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ შილდაში მომხდარი ინციდენტის გამო ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ დაზარალებულებს, ჩვენების მოპოვების მიზნით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივმა ნინო ხუციშვილმა დაწერა
