“შაბათის ეთერისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, სუს-ის ყოფილი უფროსი, ლევან ახობაძე 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთისგან იმ ჩანაწერმა იხსნა, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ერთ-ერთ მობილურ ტელეფონში ინახავდა.
წყაროს ცნობით, ეს მობილური მოწყობილობა მისი სახლის ჩხრეკისას გამოძიებამ ვერ ამოიღო.
კომფიდენტის მტკიცებით, ახობაძის დაკავების შემდეგ, ექს-მაღალჩინოსანმა მობილური, რომელშიც დიდი ფულის წარმომავლობისა და საბოლოოდ “ქართულ ოცნებაში” მიტანის მტკიცებულებებს ინახავდა, სანდო კაცის მეშვეობით, კონკრეტულ ადამიანებთან გაგზავნა.
წყარო ამტკიცებს, რომ ჩანაწერების მიხედვით, ფული, რომელიც ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მიუტანა, მან ” ქართული ოცნების” შავ სალაროში წაიღო. “შაბათის ეთერს” სანდო წყარო უყვება, რომ ფულის გადაადგილების და მისი წამომავლობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ჰქონდა მამუკა მდინარაძეს.
“შაბათის ეთერი” ინფორმაციის გადამოწმებას ახობაძის ადვოკატთან რაჟდენ კუპრაშვილთან შეეცადა. იურისტმა თქვა, რომ ინფორმაცია მობილურში არსებულ მტკიცებულებებზე, “მოგონილია”.
რამდენიმე დღის წინ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდნენ.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
