ხუჯაბელი ეპისკოპოსი პარლამენტის მიერ ციფრული ფულის შემოღებას აპროტესტებს – მეუფე გიორგი წერს, რომ ეს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის და მისი თავისუფალი არჩევანის გაუქმების საფრთხეს შეიცავს.
“როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაამტკიცა ციფრული ფულის შემოღების საკითხი.
ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და ხალხის აზრი სათანადოდ არ ისმის, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. არც ერთი ტექნოლოგიური სიახლე არ უნდა დაინერგოს საზოგადოების ინფორმირებისა და ღია, ფართო განხილვის გარეშე.
ჩემთვის როგორც სასულიერო პირისთვის მიუღებელია ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მისი თავისუფალი არჩევანის გაუქმების საფრთხეს შეიცავს. სახელმწიფოსა და ეკლესიის, საზოგადოების ვალია, დაიცვან ადამიანის თავისუფლება, შეინარჩუნონ ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობა და არ დაუშვან ტექნოლოგიური პროგრესის ადამიანის ღირსებაზე მაღლა დაყენება.
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ადამიანის თავისუფლება ღვთისგან ბოძებული უფლებაა და არა სახელმწიფოსაგან მინიჭებული პრივილეგია,” – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.
