ირიბი მოწმის ჩვენება გასაზიარებელია სასამართლოსთვის იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ასახელებს იმ პირს, ვისგანაც მიიღო აღნიშნული ინფორმაცია – მოცემულ შემთხვევაში, პროცესზე დაკითხული ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ასახელებს იმ პირს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ,- ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარის მოწმეების საპასუხოდ, ბრალდების მხარემ რამდენიმე ათეული მოწმე გამოკითხა, რომლებიც წარმოადგენენ სოფელ ჩორჩანასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ორი მოწმე, რომელთაც სასამართლოს მისცეს ირიბი მტკიცებულება, ირიბი ინფორმაციის მატარებელი მოწმეები გამოიკითხნენ.
ირიბი მოწმის ჩვენება გასაზიარებელია სასამართლოსთვის იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ასახელებს იმ პირს, ვისგანაც მიიღო აღნიშნული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში, პროცესზე დაკითხული ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ადასტურებს იმ პირს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ.
მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენენ სოფელ ჩორჩანასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს. 2019 წლის 18 აგვისტომდე და აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მათ სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
