თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროსა და შოთა ყიფიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება სამივე ბრალდებული. სასამართლოს სხდომათა დარბაზში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკავრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მათ 3000-3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დუმილის უფლებით სარგებლობენ.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
