საქართველოს პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 1 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს – მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და მათ ფიქტიური ხელშეკრულებები გაუფორმა. ბრალდებულმა დაზარალებულებს პირადი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა, რაც მიისაკუთრა და მიიმალა. ამ ქმედებით დაზარალებულებს 472 000 ლარის ზიანი მიადგათ”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
