რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ერთ-ერთ მონაკვეთზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდა
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ერთ-ერთ მონაკვეთზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდა.
საუბარია კომპანია „სმარტ სოლუშენსზე“, რომელსაც ფულადი სანქცია, წინა შემთხვევების მსგავსად, კვლავ სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული, 13 ოქტომბრით დათარიღებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, ფულადი სანქციის ოდენობა ამჯერად 1 271 ლარია (წინა შემთხვევებში, სხვა მონაკვეთებზე, 1 583 ლარი იყო)
აღნიშნულ საჯარიმო წერილში განმარტებულია, რომ 2026 წლის 12 ოქტომბერს (22:28 საათზე) განხორციელებული ინსპექტირების დროს რუსთაველის გამზირის, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 13 სექტემბრის წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ მიერ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები. კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის N14-01262081376 წერილით დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24-საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა 2026 წლის 12 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან (ინსპექტირების განხორციელების დრო – 22:28 საათი) ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეკისრათ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (6 355 905.86 ლარი) 0,02%-ის ოდენობით – 1 271.19 ლარი“, – აღნიშნულია წერილში.
ცნობისთვის, ეს რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისთვის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე რიგით მესამე ჯარიმაა.
თუმცა, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროის დარღვევისთვის მიღებული აქვს:
თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ მონაკვეთზე – 3 ჯარიმა, ხოლო ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე – 6 ჯარიმა. სულ ჯამურად კომპანიას ფულადი სანქცია უკვე 12-ჯერ დაეკისრა.
ცნობისთვის, შპს „სმარტ სოლუშენსი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან. ბიზნესის 100%-იან წილს კი თავად ლევან გოგსაძე ფლობს.
კომპანიამ მიმდინარე წელს მონაწილეობა მიიღო 8 სახელმწიფო შესყიდვაში, თუმცა ამ დრომდე ვერც ერთში გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 19.761 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.
ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.
