ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილო ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს საყვედურობს. “ახალის” ლიდერი პირდაპირ ეთერში ღიად ამბობს, რომ ცეკვის ნაცვლად, ელჩს სანქციებისთვის უნდა მიეხედა და უფრო სწრაფად ემოქმედა.
მმართველი გუნდისთვის გვარამიას განცხადება ოპოზიციის რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს უცხოელ აქტორებთან ერთად, საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.
“რა თქმა უნდა, ხელმოცარული რადიკალები ახლა ყველას და ყველაფერს დაადანაშაულებენ საკუთარ მარცხში. მაშინ, როდესაც უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ და თამაშობდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევა ვერ გაამართლა.
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი აღმოჩნდა რეზისტენტული იმ მუქარის თუ ცეკვა თამაშის მიმართ, რომელსაც უცხოელები აწარმოებდნენ საქართველოს საწინააღმდეგოდ და ნიკა გვარამია, რომ იმედგაცრუებულია, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა აქაც კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ის გახლავთ, რომ ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დიდ სურვილს, რომ დაიხმაროს ყველა და ყველაფერი, რომ საქართველოს წინააღმდეგ იმუშაოს,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
