საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მილიონი აშშ დოლარი (746.3 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.1%-ით (32 მილიონი აშშ დოლარი) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 22.18%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა – 63.39 მილიონი დოლარი, რაც 6.23%-ით მეტია 2025 წლის სექტემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (18.89%), საიდანაც გასულ თვეში 53.97 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 0.16%-იანი კლებაა. მესამე ადგილზეა გერმანია (10.72%) 30.64 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 2.83%-იანი მატებაა.
რაც შეეხება რუსეთს, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად იყო სამეულში, გასული თვის მე-11 ადგილიდან მე-7-ზე გადაინაცვლა 7.86 მილიონი დოლარით, ეს წინა წელთან შედარებით 80.1%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს, ევროკავშირის მხრიდან სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ, რუსულმა საგადასახადო და ფინანსური სერვისების სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა. შედეგად, ბოლო ორი თვეა, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 80%-ზე მეტით შემცირდა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
აშშ – $ 63.39 მილიონი.
იტალია – $53.97 მილიონი.
გერმანია – $30.64 მილიონი.
საბერძნეთი – $27.57 მილიონი.
ისრაელი – $26.3 მილიონი.
თურქეთი – $11.34 მილიონი.
რუსეთის ფედერაცია – $7.86 მილიონი.
ესპანეთი – $7.37 მილიონი.
გაერთიანებული სამეფო – $6.53 მილიონი.
საფრანგეთი – $5.88 მილიონი.
ირლანდია – $5.28 მილიონი.
ყაზახეთი – $5.01 მილიონი.
აზერბაიჯანი – $2.86 მილიონი.
კანადა – $2.45 მილიონი.
ყირგიზეთი – $2.41 მილიონი
სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.9 მილიონი აშშ დოლარი (96.3 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია.
