საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ტაილანდელი ბლოგერის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
საქართველოში გარდაცვლილი ტაილანდელი მოგზაური ბლოგერის, ჰლუნ სოლოს, საქმეზე ჩატარებული ახალი ექსპერტიზისა და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებით, მის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. სისხლის ანალიზმა ეთილის სპირტის არსებობა გამოავლინა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
26 წლის ბლოგერი, რომლის ნამდვილი სახელია ბოვორატატ პენგსუკი, საქართველოში, სასტუმროს ნომერში, ივლისის დასაწყისში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილის ძმამ 12 ოქტომბერს განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, დამატებითი ცნობები საქართველოს ხელისუფლებისგან, ანკარაში ტაილანდის საელჩოს მეშვეობით მიიღო.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის ნიშნები ვერ გამოავლინა. სისხლის ანალიზში ეთილის სპირტის კონცენტრაცია 0,33% იყო. მეთილის სპირტი, იზოპროპილის სპირტი და აცეტონი კი არ აღმოჩენილა.
ლაბორატორიული კვლევების პასუხები უარყოფითი იყო იმ ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების, აგრეთვე ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდების შემთხვევაშიც, რომლებზეც გამოკვლევა ჩატარდა.
მიუხედავად მიღებული შედეგებისა, საქართველოს სამართალდამცველებს ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ.
“დღემდე ოჯახი კვლავ ელოდება მკაფიო პასუხს ჰლუნის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით და გამოძიების ოფიციალურ დასკვნას”, – წერს გარდაცვლილის ძმა.
