2026 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 23 241 პირით შემცირდა.
ინფორმაციას BMG ბიემჯი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად სახელმწიფო დახმარებას 547 115 ადამიანი იღებს.
მათგან 141 653 პირი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა მოქალაქეები, რომლებსაც ოთხწლიანი პერიოდი ჯერ არ ამოწურვიათ, სისტემაში კვლავ რჩებიან.
მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობა 163 111 პირს შეუჩერდა.
7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.
მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ბაზის გადამოწმების პროცესი თებერვლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე 65 ათასი ოჯახი უკვე გადამოწმებულია, თუმცა პროცესი სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით კვლავ გრძელდება.
„- ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
