საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. სასამართლოს ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება 2026 წლის 13 ოქტომბრით თარიღდება.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძემ აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე მის მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.
დოკუმენტის თანახმად, კობახიძეს ოჯახის წევრად მეუღლე ჰყავს მითითებული.
დეკლარაციის მიხედვით, მანანა კობახიძის საკუთრებაშია 73.7 კვადრატული მეტრის ბინა თბილისში, რომელშიც მან 2024 წელს 65 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბინა შეძენის მომენტში მშენებარე იყო, თანხის გადახდა კი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
გარდა ამისა, კობახიძე ფლობს 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, რომლის შესაძენადაც 2017 წელს 70 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობებიც არის განთავსებული.
დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის შევსების მომენტში მანანა კობახიძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამურად 11 588 ლარი, ხოლო ანაბარზე 28.85 აშშ დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავალს, დეკლარაციის მიხედვით, მანანა კობახიძემ გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა და თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით ჯამურად 164 539 ლარის ხელფასი მიიღო.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ გასულ წელს მანანა კობახიძემ შვილისგან საჩუქრად 10 000 აშშ დოლარი მიიღო. დოკუმენტის თანახმად, თანხა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად იყო განკუთვნილი.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, კობახიძეს ბინის რემონტში გასულ წელს ჯამურად 34 500 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
რაც შეეხება მანანა კობახიძის მეუღლის ქონებას, დეკლარაციის თანახმად, მის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. თუმცა, ყოფილი მოსამართლის მეუღლე არის შპს „კაპიტალი XX“-ისა და შპს „სოლარ ენერჯის“ 33%-იანი წილების მფლობელია, ასევე მას ეკუთვნის შპს „პარტნიორის“ 10%-იან წილიც.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული კომპანიებიდან მანანა კობახიძის მეუღლეს გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.
ცნობისთვის, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
