საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე სხდომა ჩანიშნული არ ყოფილა და მოსამართლეებს ერთმანეთის პოზიციებზე არ უმსჯელიათ.
რაც შეეხება მანანა კობახიძის შესაძლო ზეწოლის გამო გადადგომას, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს.
“ვერ გეტყვით, მე სანამ ვიყავი, სარჩელი იყო მხოლოდ შემოსული და ის სარჩელი მე წაკითხული მქონდა და ნამუშევარი მქონდა მეტნაკლებად იმ სარჩელზე. სხდომა ჩანიშნული არ იყო და არაფერი…
არ გვისაუბრია ამ საკითხზე, ყველა მოსამართლე თავისთვის მუშაობდა ამ სარჩელზე, მითუმეტეს არ იყო სხდომა ჩანიშნული და ვის რა პოზიცია აქვს ნამდვილად და ალალად ვერ გეტყვით”- ამბობს ყოფილი მოსამართლე.
” ტვ პირველის” კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ მისთვის ეთქვათ, რომ განსხვავებულ მოსაზრებას ვერ დაწერდა, კვერენჩხილაძე ასე პასუხობს:
“თეორიულად შესაძლებელი ყველაფერია ისევე, როგორც თეორიულად შეუძლებელი ყველაფერია. არ ვიცი, ჩემო კარგო, არ შემიძლია ეს მკითხაობა” – ამბობს კვერენჩხილაძე.
ცნობისთვის, მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მანამდე, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა.
მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
