„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაფუძნებას ეხმაურება და მის საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს. მაჭავარიანის განცხადებით, მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა და ბიზნესში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობაზე წინასწარვე საუბრობდა.
დეპუტატი ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრესითაც ხსნის.
“მდინარაძე პოლიტიკაში აღარ არის და შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტზე საუბარი ზედმეტია. ეს დააანონსა ბატონმა მამუკამ, როდესაც ბრიფინგი ჩაატარა, მან პირდაპირ თქვა, რომ ის განიხილავდა თავის საქმიანობის გაგრძელების ერთ-ერთ ფორმად ბიზნესსაც. აქ სიახლე არაფერია არც გუნდისთვის, არც საზოგადოებისთვის და წავიდა ბატონი მამუკა ბიზნესის მიმართულებით. მან დაისვენა იმ ძალიან სტრესული გარემოდან, რომელიც ზოგადად ახლავს პოლიტიკას, მითუმეტეს, მამუკა მდინარაძე გამოკვეთილი ლიდერი იყო, ძაილან ბევრი ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევდა, რომელიც პირდაპირ სტრესთან არის დაკავშირებული” – ამბობს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან მას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა. მოგვიანებით კი, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
