აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარალელურად, მოქალაქეები Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის შეფერხების შესახებ იუწყებიან.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 37 ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მონაწილეები კონფლიქტში შედიოდნენ სკოლების თანამშრომლებთან, აზიანებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონებას და ხელს უშლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობას.
უწყების ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზების მუხლით.
პროტესტი 21 სექტემბერს სასკოლო ფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეცვალას მოყვა. მთავრობის ახალი რეგულაციით, დაუშვებელია ტანსაცმლის ისეთი დამატებითი ელემენტების გამოყენება, რომლებიც სკოლის ფორმის ერთგვაროვნებას არღვევს ან ეწინააღმდეგება განათლების საერო პრინციპს.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებაში ჰიჯაბი პირდაპირ არ არის ნახსენები, ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ ზოგიერთ სკოლაში ჰიჯაბიან მოსწავლეებს გაკვეთილებზე არ უშვებდნენ.
