“რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს შანტაჟს და გააფართოებს სასურსათო ემბარგოს…” – რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს შანტაჟს და გააფართოებს სასურსათო ემბარგოს, რომელიც უკვე დაგვიწესა. კვლავ გაახსენდებათ ლუგარის ლაბორატორია და მოითხოვენ მის დახურვას, რომელსაც რუსული პროპაგანდა მოწამლული კოღოებისა და ღამურებისგან მომდინარე საფრთხეებით გაამყარებს.
თუმცა რუსეთს სასურსათო ემბარგოზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს და ეს იარაღი მას თავად „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააგდებინა ხელში. ეს გაზია. გვახსოვს ეს იარაღი-საკუთარ თავზე გამოვცადეთ 2005 წლის ზამთარში.
საგანგაშოდ იცვლება საქართველოში რუსული გაზის მოხმარების დინამიკა. თუ 2018 წელს ქვეყნის გაზის მთლიან მოხმარებაში რუსული გაზის წილი მხოლოდ 1,7 პროცენტი იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 6,3 პროცენტამდე გაიზარდა, 2020 წელს-7,9 პროცენტამდე, 2021 წელს-15 პროცენტამდე, 2022 წელს-17,3 პროცენტამდე. 2023 წელს რუსული გაზის წილმა უკვე 20 პროცენტს მიაღწია, 2024 წელს-25 პროცენტს, ხოლო 2025 წელს-უკვე 28 პროცენტს.
ეს რუსეთის ტაქტიკაა-ბაზარზე ეტაპობრივი შეღწევა და დამოკიდებულების თანდათანობითი ზრდა, ანუ ბაზრის ხელში ჩაგდების მცოცავი პოლიტიკა.
ოკუპანტ სახელმწიფოზე ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერება მხოლოდ უგუნური ნაბიჯი არ არის-ეს დანაშაულია.“ – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
