ოპოზიციაში ელიან, რომ ევროკავშირი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კონკრეტულ ზომებს მიიღებს. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი გრიგოლ გეგელიას შეფასებით, ხელისუფლებამ ევროპასთან ურთიერთობის გამოსწორების ყველა შესაძლებლობა დაკარგა და მკაცრი შედეგების წინაშე დადგება.
“მე ვფიქრობ, ის სულისკვეთება რომელიც გააჩნია ევროპარლამენტს, აჩვენებს ძალიან მკაფიოდ, რომ ევროპულმა კავშირმა საბოლოო სიტყვა თქვა. ამ რეჯიმს ჰქონდა ძალიან ბევრჯდერ არჩევანი, რომ მოქცეულიყო სწორად, მიეყო ხელი გადატვირთის პოლიტიკისთვის, შეეცვალა დრაკონული კანონმდებლობა, გაეთავისუფლებინა პოლიპატიმრები, მაგრამ ამ რეჟიმმა არჩია არსებითად მეტი ანტაგონიზმი, მეტი დაპირისპირება, მეტი შეხლა-შემოხლა და ახლა მიიღებს, სამწუხაროდ, ამის შედეგებს არა მარტო ეს რეჟიმი, არამედ ჩვენი ქვეყანაც და ეს რეჟიმი, რა თქმა უნდა, დაისჯება ძალიან მკაცრად, რადგან ევროპულმა კავშირმა თქვა საბოლოო სიტყვა” – ამბობს გრიგოლ გეგელია.
ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი მთავარ საფრთხედ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვას მიიჩნევს. ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პერსონალურ სანქციებზე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპასთან თავისუფალი კავშირის შენარჩუნებაა, რადგან სავიზო შეზღუდვები არა მხოლოდ მოგზაურობას, არამედ ბიზნესს, ვაჭრობას, ექსპორტსა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასაც შეეხება.
“ოცნება” საუბრობს, რომ თითქოს ევროპარლამენტის რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, სინამდვილეში, ამ რეზოლუციების ფასს და გავლენას სწორედ მინისტერიალზე ნახავენ. პირადი სანქციები დაედება თუ არა ბიძინა ივანიშვილს ან რომელიმე სხვა პერსონაჟს, ზოგიერტთი უკვე დასანქცირებულიც არის, და გაღრმავდება თუ არა ეს სანქციები, ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის მთავარია, რომ მთელი საქართველო არ გადავიდეს ისევ წარსულში, 20 წლის წინანდელ სიტუაციაში არ დავბრუნდეთ და ვიზები არ გვქირდებოდეს. ეს მხოლოდ მოგზაურობა და ტურიზმი ხომ არ არის, ეს არის ბიზნესი, ვაჭრობა, ექსპორტი, წარმოება, ჩვენი ეკონომიკა და საქართველოს კეთილდღეობა, რომ ევროპასთან ვიყოთ დაკავშირებული ყოველგვარი ზედმეტი ბარიერების გარეშე. ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი დედლაინები” – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
