მოსკოვი თბილისისგან ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებასა და „საზღვრების“ დელიმიტაციას ითხოვს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ლავროვის მოადგილე გალუზინმა აღნიშნული საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს ეძღვნებოდა:
„9 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების (ჟენევის დისკუსიების) თანათავმჯდომარეებთან – გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან , ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში.
ნოემბერში დაგეგმილი შემდეგი რაუნდისთვის მოსამზადებლად, დეტალურად განიხილეს ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
რუსული მხარის მხრიდან კვლავ გაესვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. პრაქტიკულ ჭრილში, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის არგამოყენების შესახებ გარანტიების გაცემას, ასევე, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციით.“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
