თუ არ უნდათ ჩემი კარგი ნაბეღალი, რა გავაკეთო, თავს ხომ არ მოვიკლავ? – ასე ეხმაურება “წყალი მარგებელის” – “ნაბეღლავის” დამფუძნებელი, მიხეილ სვიმონიშვილი რუსეთის მიერ ქართული კომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.
სვიმონიშვილის თქმით, სისულელეა მოსკოვის მიერ გავრცელებული მიზეზი, რომ ხარისხის გამო აკრძალეს რიგი პროდუქციის იმპორტი საქართველოდან.
“ნაბეღლავი” რაც მთავარია საქართველოში უყვარს ყველას. რუსეთი არასდროს იყო ჩემთვის დომინანტი ბაზარი” – ამბობს სვიმონიშვილი.
“ხარისხთან დაკავშირებით სისულელეა ეგ. დანარჩენი არ ვიცით ახლა დღეს შაბათ-კვირა რომაა, გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია. იქ ვინც არიან დისტრიბუტორები, მომავალ კვირას უფრო გაირკვევა. ჩვენი პოზიციაა თავიდანვე, ბაზრების სერიოზული დივერსიფიცირება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. “ნაბეღლავი” რაც მთავარია საქართველოში უყვარს ყველას. არასდროს არ იყო რუსეთი ჩემთვის დომინანტი ბაზარი. თუ არ უნდათ ჩემი კარგი ნაბეღალი, რა გავაკეთო, თავს ხომ არ მოვიკლავ?”, – ამბობს მიხეილ სვიმონიშვილი.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.
აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს:
„თელიანი ველი“;
„თბილღვინო“;
„ძმები ასკანელები“;
„ვაინმენი“;
„ქართული ლუდის კომპანია“;
„კოკა-კოლა“;
„ნაბეღლავი“.
დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“
მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“.
