ეკა მხატვრიშვილი 17 წლის შვილთან ბოლო შეხვედრაზე “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ პირველ ინტერვიუში პირველად ჰყვება.
საუბარია სკოლის მოსწავლეზე, დავით ნარიმანიძეზე, რომელიც ლოტკინის დასახლებაში, სადღეგრძელოზე, ფეხზე არ წამოდგომის გამო მოკლეს.
“დათო სახლიდან 4 სექტემბერს გავიდა, რომ გავიდა, შვილო, მალე გამოდი, თავი არ მომანატრო-თქო. რატომ მითხრა არ ვიცი: “თუ მოგენატრები, სურათებს დახედეო” – აღნიშნავს მოკლულის დედა.
სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულიც ასევე სკოლის მოსწავლეა.
“სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ ჩაარტყა გულში. 14 სმ-ია დაფიქსირებული. გული და ფილტვია დაზიანებული. ყელზეც ჰქონდა ნაკაწრი, თუმცა არა სასიკვდილო. ვფიქრობ, დანის მოქნევას ჰქონდა ადგილი. ერთი ჭრილობა ჰქონდა გულში” – აცხადებს მოკლულის დედა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლო წუთები 17 წლის დავით ნარიმანიძემ ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე რესტორანში გაატარა. იმ დღეს დავითი აქ ძმასთან, ლუკასთან ერთად მეზობლის დაბადების დღეზე მივიდა. იუბილარიც არასრულწლოვანი იყო და სტუმრებს შორის უცხოც არავინ ყოფილა.
“ვის დაბადების დღეზეც იყო, იყო ჩვენი მეზობელი, დათოს მეგობარი. 18 წლის გახდა ის ბავშვი და მთელი სამეზობლო და სამეგობრო ჰყავდა დაპატიჟებული. მისი ძმაც იქ იყო” – უთხრა “ტვ პირველს” მხატვრიშვილმა.
ღია ტიპის სამწვადეში “შაბათის ეთერს” ეუბნებიან, რომ თანამშრომლები ღამის 12 საათამდე ადგილზე იმყოფებოდნენ. 00:00 საათზე კი რესტორანი დაკეტეს და სტუმრები ეზოში დატოვეს.
დაბადების დღის სტუმრებმა დაშლა ღამის 02:00 საათზე დაიწყეს. ნასვამი მოზარდების სახლებში დატოვება დავით ნარიმანიძის ძმამ გადაწყვიტა. როდესაც ბოლო ნაკადი წაიყვანა, ძმას უთხრა, რომ დალოდებოდა, თავად ნარიმანიძეები რესტორანთან ახლოს ცხოვრობენ.
“ლუკა იყო ფხიზელ მდგომარეობაში, წვეთი არ ჰქონდა დალეული და ამიტომ დაარიგა ბავშვები. ორი რეისი გაუკეთებია ბავშვს. ძმისთვის უთქვამს შენც წამოდიო – იყოსო, ბოლოს, 4 ბავშვი დარჩნენ სუფრის წევრებიდან. სანამ ჩემი შვილი მიბრუნდა, მკვლელი მის ორ მეგობართან ერთად მიდის…”- აღნიშნავს მოკლულის დედა.
დათო, ძმას სამ მეგობართან ერთად სამწვადეში ელოდებოდა. სწორედ ამ დროს ჩნდება ადგილზე პირველად მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვანი ორ მეგობართან ერთად. საქმის პროკურორი ჰყვება, რომ პირველი მცირე სიტყვიერი შეკამათება დათოს მეგობრებსა და ბრალდებულს შორის სამწვადის წინ მოხდა.
სწორედ აქ სამწვადეში ხვდება დათო ნარიმანიძე პირველად მკვლელობაში ბრალდებულს. 17 წლის მოზარდი სუფრასთან ზის და ეს სათვალთვალო კამერებშიც ჩანს. მოკლულის დედა, რომელიც საქმის მასალებს და კამერების ჩანაწერებს უკვე გაეცნო, ჰყვაბა, რომ მაგიდასთან მისვლისთანავე ბრალდებული სუფრის წევრებს აგრესიულად გაეცნო და ყველას ფეხზე ადგომა მოთოხვა.
“მკვლელი მიდის სუფრასთან, წარუდგინა თავი და დაიწყო არასასიამოვნო საუბარი. ეს ისეთი თავხედი ვიღაც ჩანს, პირველივე წუთიდან შეატყობ. მანერაში, ტონში, თავისი ეგონა მთელი თბილისი: “ბინ ხართ რომ ჩემს ტერიტორიაზე იმყოფებით”- ასეთი შინაარსია, ასეთი დიალოგია. მერე ეტყობა ჩემი შვილი ჯდება, რადგან ისმის მკვლელის ხმა: “რატომ ზიხარ”.
დათო ფეხზე ვერ ადგა, დედა ჰყვება, რომ მან ამ ზაფხულს სოფელში ფეხზე დაზიანება მიიღო და გადაადგილება უჭირდა. ეს გარემოება მან აუხსნა მკვლელობაში ბრალდებულსაც, ფაქტს ადასტურებს კამერების ჩანაწერიც სადაც დათოს ხმა ისმის.
ჩემი შვილის ხმა მკაფიოდ ისმის: “ფეხი გამეკვანძა”. მკვლელი კი დამცინავი ტონით ეუბნება: “აბა წამოდექი”.
დანით შეირაღებული ბრალდებულმა დავით ნარიმანიძის ეს ქმედება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა და პროკურორის თქმით, 17 წლის მოზარდი სამწვადის გარეთ საქმის გასარჩევად გაიყვანა.
ირკვევა, რომ დავით ნარიმანიძე მკვლელობაში ბრალდებულს მარტო გაყვა. მისი და ბრალდებულის მეგობრებიც სუფრასთან დარჩნენ. რამდენიმე წუთში კი ყვირილის ხმა გაიგეს, ქუჩაში გასულებს 17 წლის დათო სასიკვდილოდ დაჭრილი დახვდათ.
“ჩემი შვილი გაჰყავს გარეთ და ურტყამს დანას, დათოს ხმაზე გადიან ესენი [სუფრის სხვა წევრები], ის [მკვლელობაში ბრალდებული] გამოჰყავთ, დანარჩენებს კი ჩემი შვილი მოჰყავთ. მკვლელი უკან მოიხედავს, გამოიწევს, გამოიქაჩება დანით ხელში. ამჩნევს, რომ შემთხვევით ადგილზე ჩნდება პატრული, კიდევ კარგი რომ მოვიდა, თორემ ჩემს შვილს კიდევ ჩაარტყამდა დანას და არც დათოს სამ მეგობარს დაინდობდა”- დასძინა მხატვრიშვილმა.
დედის ინფორმაციით, დათო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა. კრიმინალური პოლიცია ამ ტერიტორიაზე დედის განცხადებით, ე.წ. შემოვლაზე იმყოფებოდა, როდესაც ახალგაზრდები შეამჩნია. როგორც ჩანს სამართალდამცველები შენიშნა ბრალდებულმაც -კადრებში ჩანს, რომ ის პოლიციის დანახვისთანავე დანას ასფალტზე დებს, სამართალდამცავებს კი ეუბნება, რომ დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის.
დედის თქმით, ამ დრო სპოლიციელები უკვე დაჭრილ დავით ნარიმანიძეს მიუახლოვდნენ – მომხდარის შესახებ ინფორმაცია მათთვის საქმის პროკურორის განცხადებით, არც დაჭრილი დავით ნარიმანიძის მეგობრებს არ მიუწოდებიათ. ამასობაში კი მკვლელობაში ბრალდებულმა მის მეგობრებთან ერთად ტერიტორიის დატოვება მოასწრო.
მკვლელობაში ბრალდებული ჯერ კიდევ ადგილზე იყო, როდესაც დავით ნარიმანიძემ გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმების მის გადარჩენას ცდილობდნენ მაგრამ 17 წლის ბიჭს გული გაუჩერდა.
დედის მონაყოლის მიხედვით, ჯერ კიდევ ადგილზე იმყოფებოდნენ, როდესაც მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი უკან, სამწვადესთან დაბრუნდა. მისი დაცვის მხარე ამბობს, რომ ის პოლიციას თავად ჩაბარდა, თუმცა პროკურორი ამ ინფორმაციას უარყოფს.
მკვლელობაში ბრალდებულს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ირკვევა ისიც, რომ სკოლის მოსწავლე თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. მან გირაო არ გადაიხადა, თუმცა სისტემას თვეების განმავლობაში არ მოუკითხავს, რატომ არ ასრულებდა გირაოს პირობებს ბრალდებული.
